პროევროპულ აქციაზე დაზარალებული სტუდენტები შსს-სგან მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ
სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლის გადაკვალიფიცირებას თხოვენ. გომელაურის უწყება საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა პროევროპული მოძრაობის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს იყო კარგად დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
სამხარაულის ბიუროში სტუდენტების ექსპერტიზა დასრულდა - დაზარალებულ სტუდენტებს, ლუკა მაზნიშვილსა და დავით ღოლეჯაშვილს, არაერთი დაზიანებები აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა არეში.
ჩამიტარდა გამოკვლევები, ვაჩვენე ჩემი ფიზიკური დაზიანებები. ახლა უკვე ყველა დეტალი მიწოდებულია პოლიციისთვის, რა დაზიანებები მაქვს, რა მოხდა, როგორ მოხდა. - ამბობს დაზარალებული სტუდენტი.
შემოწმების პროცესში სტუდენტებს, ვინც გუშინ აქციაზე დაშავდა, თან ადვოკატი და ერთი სამართალდამცველი ახლდა.
სამხარაულის ბიურო ექსპერტიზის შედეგებს ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანს, რომელიც დაერთვება სტუდენტების საქმეს.