"ოცნება" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს - ცვლილება ივანიშვილს არ შეეხება
მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება.
განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისივე განცხადებით, საქართველო დეოლიგარქიზაციის კანონს 29 ნოემბრამდე მიიღებს.
"ოცნების" გეგმით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც არ აკმაყოფილებს ეს ადამიანი, განსხვავებით რამდენიმე სხვა ადამიანისგან, რომლებსაც აქვთ თანხა და პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკასა, თუ მედიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.