EU-ს პირობების შესასრულებლად პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს - NGO-ები
ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს - ამის შესახებ მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
მათივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია დღის წესრიგით, რომელშიც სულ მცირე, გათვალისიწნებული იქნება შემდეგი სწრაფად განხილვადი საკითხები:
- საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება, საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში გაჩერებულია ითვალისწინებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2%-იანი საარჩევნო ბარიერით. საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებულია პირველი მოსმენით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულებულია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველაზე რთული ეტაპი; დარჩენილი მეორე და მესამე მოსმენებით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს რამდენიმე დღის ვადაში შეუძლია.
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება. ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის აგვისტოში ეწურებათ. პარლამენტმა ისინი 2 კვირის ვადაში საპარლამენტო ძალებს შორის კონსენსუსის ზოგადი (და არა საგამონაკლისო) წესით უნდა აირჩიოს.
- ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. კნონპროექტი ინიცირებულია 2022 წლის 25 იანვარს, სარგებლობს საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით; ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო მაღალი დონის ელიტური კორუფციის ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ინიციატივა განხილულია ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტზე და ასევე გაჩერებულია პარლამენტში. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროცესის დასრულება პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე სესიის ფარგლებში, რამდენიმე დღეში.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის დანიშვნა და იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა ე.წ. ორმაგი 2/3 პრინციპით. იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის წესით. ამავდროულად, განხილულ უნდა იქნეს 2021 წლის ივლისში ინიცირებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილების შესახებ, რომელიც მიმართულია კორპორატივიზმის შემცირებასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდისკენ. რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს შეუძლია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა და მიღება რამდენიმე დღის ვადაში.
ჩამოთვლილი საკითხების განხილვით პარლამენტი შეასრულებს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნიდან კონკრეტული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, ასევე, გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ.
პარლამენტმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტულად სასამართლოს ამბიციური რეფორმის და 12 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ყველა პირობის მორიგ სესიაზე შესრულების გეგმა.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას:
- მიმართონ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით, ხსენებული დღის წესრიგით და დაიწყონ შესაბამისი მუშაობა პარლამენტში. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის საკმარისია პარლამენტის 38 წევრის ხმა.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების შერჩევის პროცედურები და უზრუნველყოს პროცესის წარმართვა ფართო ჩართულობით, პროცესის უზრუნველყოფისთვის საკმარისი ვადით ადრე, არაუგვიანეს 15 ივლისისა;
- შერჩევის პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოითქვა შერჩევის ბოლო ორ პროცესში მონაწილე და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ.
განცხადება ვრცლად ნახეთ აქ