ახალი თაობა ახალი სიტყვის სათქმელად - რუსთაველის გამზირზე დღეს სტუდენტებიც გავლენ
"ევროპა მეტი განვითარება და თავისუფლებაა" - რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. უმაღლესი სასწავლებლის ასობით სტუდენტს სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. ახალგაზრდები ფალიერებს დ საპროტესტო ბანერებს ამზადებენ. დიდ საპროტესტო ტალღას ისინი 19:00 საათზე მეტროსადგურ რუსთაველიდან შეუერთდებიან.
დღეს ჩვენ ვაპირებთ, რომ 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და იქიდან კიდევ ერთხელ დავგეგმოთ მსვლელობა, მივიდეთ პარლამენტის შენობასთან და ის მუხტი, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში შევქმენით, კიდევ ერთხელ კარგად დავანახოთ ჩვენს მოსახლეობას, - ამბობს სტუდენტი.
მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.