"ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით... საჭიროა მწვავე მოქმედება" -გიორგი მშვენიერაძის საგანგებო მიმართვა
შიშებით შეპყრობილი ივანიშვილი არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის. - ამის შესახებ პროევროპული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ოლიგარქი ქვეყანას მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით, ამიტომ ქვეყნის მიმართ იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს.
საქართველოს ისევ არ აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის მიღების პერსპექტივაც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ეჭვქვეშ დგება.
ქვეყანას ისევ ძალაუფლებითა და შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს. მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით. დღეს ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის.
ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე "უყვარს" და არასდროს დაიშურებს მათთვის მათრახს. ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ.
ის ვერ იტანს დასავლურ ფასეულობებს, დემოკრატიას - სადაც მართავს ხალხი და არა მეფე; თავისუფლებას - სადაც მონები არ არსებობენ, რადგან თავად ერთი მხრივ მონათმფლობელია, ხოლო მეორე მხრივ მონა; თანასწორობას - რადგან თანასწორად არავინ მიაჩნია.
გუშინ, 3 ივლისს, ივანიშვილის ოლიგარქიამ კიდევ ერთხელ ცხადად გვითხრა, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას, რადგან მისთვის საკუთარი სკამი უფრო ძვირფასია, ვიდრე ქართველი ხალხის ევროპული მომავალი.შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სწორ ანალიზს საჭიროებს, მათ შორის გუშინდელი დღის, სადაც ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით. გამოტანილი დასკვნები გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩემთვის დღეასავით ნათელია, რომ არსებული მდგომარეობა ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას, რასაც სჭირდება გონიერება - რათა გულმა არ სძლიოს ტვინს, რწმენა - რომ გამარჯვება გარდაუვალია და სიმამაცე - რომ მუდმივად მზად იყო თავგანწირვისთვის.
შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. - წერს გიორგი მშვენიერაძე.
ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, წინ ევროკავშირია. - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.