გაუგებარია, რატომ შეიძლება, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას მხარი არ დაუჭიროს - სამადაშვილი
ჩანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას - ოპოზიციის მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო.
ოპოზიცია თვლის, რომ პარლამენტმა იმ რეფორმებზე მუშაობა უნდა დაიწყოს, რომელიც ევროკაშირმა საქართველოს სტატუსის მისაღებად მოსთხოვა.
თუმცა, სანამ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან შეხვდრას აანონსებს.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საგანგებო სესიის დღის წესრიგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა განისაზღვროს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას მხარი არ დაუჭიროს.
„ჩვენ გვსურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განვსაზღვოთ საგანგებო სესიის დღის წესრიგი. კონკრეტულად, ის საკითხები, რომელიც გვსურს, რომ დადგეს პარლამენტის დღის წესრიგში. შემდეგ უკვე პრეზიდენტს ვაცნობებთ ჩვენს პოზიციას. ალტერნატიულ დღის წესრიგს, რომელიც ძალიან ნათლად იქნება წარმოდგენილი, როგორც სწორედ ის დღის წესრიგი, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება, ჩემთვის გაუგებარი იქნება, რატომ შეიძლება, რომ მან მხარი არ დაუჭიროს“. - ამბობს სალომე სამადაშვილი.