ჩვენ ღიად ვვაჭრობთ! - "გირჩი" ოქრიაშვილს პასუხობს
"გირჩის" ლიდერები კახა ოქრიაშვილის ბრალდებების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ისინი "ხელისულებასთან ღიად ვაჭრობენ". სანდრო რაქვიაშვილი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ "პოლიტიკურ ვაჭრობაში პრობლემას ვერ ხედავს".
ჩვენ ,,ქართულ ოცნებასთან" სულ ვვაჭრობთ. 10 კანონპროექტი გვაქვს შეტანილი და სულ გვინდა, ვივაჭროთ ისე, რომ აღნიშნული კანონპროექტები მიიღონ. პოლიტიკურ ვაჭრობაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიის ვიწრო ამოცანები და მიზნები. რატომაც არა, თუ ბუნებრივი ბარიერი დაიდება, დაიდება პროპორციული არჩევნები, ვერ ვხედავ პრობლემას რატომ არ უნდა ვითანამშრომლო (ხელისუფლებასთან). არ გვაქვს პრობლემა, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პარტიასთან თუ ჩვენი პოლიტიკური მიზნები შეიძლება იყოს მიღწეული" - განაცხადა რაქვიაშვილმა.
იაგო ხვიჩიას თქმით, კი სხვებისგან განსხვავებით, მათი პარტია ღიად ვაჭრობს.
პოლიტიკურად, განსხვავებით სხვებისგან, ღიად ვვაჭრობთ და რაც გვინდა იმას ღიად ვამბობთ. არ გვაქვს ზურგს უკან მოლაპარაკებები რომელიმე პარტიასთან - ფულს გადაგიხდით და სიაში ჩაგვსვი. არც არასდროს გვქონია.
არამხოლოდ ჩვენ ვვაჭრობთ ამ საკითხზთან დაკავშირებით, არამედ მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭრონ. მთელი ეს 6 თვიანი პროცესი გამოიყენოს პოლიტიკური ვაჭრობისთვის, რომ ევროპელებმა დაინახონ, რომ ჩვენ პოლიტიკოსები ვართ.
მათ ზურგს უკან "უტუ-პუტუ" აქვთ გამართული. შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ბატონ ოქრიაშვილსაც და ენმ-საც, ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში"- უთხრა "პირველებს" იაგო ხვიჩიამ.
კახა ოქრიაშვილი, რომელიც "ოცნების" უმრავლესობაში, მაჟორიტარების ფლანგს წლების განმავლობაში მეთაურობდა, ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი " გირჩთან " და ალეკო ელისაშვილთან გარიგებაში შევიდნენ. ამ ორი პარტიით კი "ოცნება" შეეცდება, ლეგიტიმაცია მისცენ კომისიას, რომელმაც თითქოს ევროკავშირის მოთხოვნები უნდა შეასრულოს.