აღვივებს შუღლს, ახალისებს ძალადობას - სახალხო დამცველი პუტინისტური "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვას ითხოვს

05.07.22 14:53
 აღვივებს შუღლს, ახალისებს ძალადობას - სახალხო დამცველი პუტინისტური "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვას ითხოვს

 აღვივებს შუღლს, ახალისებს ძალადობას- საქართველოს სახალხო დამცველი ძალადობრივი, პუტინისტური ორგანიზაცია ,,ალტ ინფოს" მიერ დაარსებული პარტიის გაუქმებას ითხოვს. 

ნინო ლომჯარია აცხადებს, სათანადო კონსტიტუციური სარჩელი მომზადებულია, მაგრამ რადგან ომბუდსმენს სათანადო უფლებამოსილება არ გააჩნია,  ამიტომ მათ სარჩელის პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს წარუდგინეს.

სახალხო დამცველის  სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. 

ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ. 
საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის. 

 

5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.
ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში
.- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები