ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება - კობახიძე
ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დეოლიგაქრიზაციის კანონთან დაკავშირებით საუბრისას თქვა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი არც პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და არც რომელიმე მედიაზე აქვს გავლენა.
თვითონ კანონი, რა თქმა უნდა, უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლე სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა, მათ შორის, კანონპროექტი, მისი დეტალები და კონკრეტული ვადებიც დავაზუსტეთ ამისთვის. დანარჩენი დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით. მათ შორის, ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ ამისთვის.
რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს, თუ რა არის ოლიგარქის ცნება, ვინ არის ოლიგარქი და ვის მიესადაგება საქართველოში ეს ცნება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. კლასიკური დეფინიცის მიხედვით ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და რომელიც არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ან ფლობს გავლენას მედიაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული და არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით, - განაცხადა კობახიძემ.