ჩვენ ვთავაზობთ ინკლუზიურ პროცესს, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც არ უერთდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობას.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებენ.
"რეკომენდაციები, რომლის პირველი პუნქტი იწყება იმით, რომ უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება, პირველი რაც გააკეთა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა და გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, აიღეს ეს დოკუმენტი და იყენებენ მას პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მათ ინკლუზიურ პროცესს, რომ შევთანხმდეთ და შევხედოთ, რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ეს კონკრეტული იდეა, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, ანუ უმრავლესობა აუცილებლად უნდა დაეთანხმოს. ისინი შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ, დათანხმებას გვთავაზობენ“. - ამბობს პაპუაშვილი.
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, საკომიტეტო განხილვები იწყება. საკითხზე პირველად ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.