როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები- ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე დახურულს კარს მიღმა მსჯელობს

06.07.22 17:42
როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები- ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე  დახურულს კარს მიღმა მსჯელობს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას აგრძელებს -მთელი ოპოზოციური სპექტრი ამ წუთებში პარალამენტში, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის მიერ დასახელებული 12  პუნქტიანი პირობის შესრულებაზე მსჯელობს.

ოპოზიციის კონსულტაციებში ის პოლიტიკური პარტიებიც მონაწილეობენ, ვინც ,,ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კომისიაში მუშაობას აპირებს.

მსხვილი ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლების გეგმას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ფორმალურ პროცესს იწყებს.

საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის მთავარი საკითხია, მიიღონ თუ არა მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებაში. 

კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებ იმას, რომ ,,ოცნებამ" მთელი პროცესი გადადო შემოდგომისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ზაფხული და ვთანხმდებით ოპოზიციაში იმაზე, რომ მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია. ამისთვის გავმართავთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან.

ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია დეპოლარიზაცია. - აცხადებს ,,რეპუბლიკელი" ხათუნა სამნიძე.

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ვერ ხედავს აზრს, ,,ოცნების" მიერ შექმნილ რეფორმების მხარდამჭერ კომისიებში მონაწილეობა მიიღოს და აღნიშნულ საქმიანობას  დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს.

,,ოცნების" მიერ შექმნილ კომისიებში დროის ფუჭად კარგვის სტრატეგიებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვართ მზად, კონკრეტულ საკითხებზე ვითანამშრომლოთ. თუ როგორი დღის წესრიგით უნდა იმოქმედოს პარლამენტმა ამ კონკრეტული საკითხებზე, ამას ჩვენ თვითონ წარვადგენთ. 

პაპუაშვილმა თავად მოიწვია შეკრება, თავისი დღის წესრიგით და მასში მონაწილეობას ჩვენ არ ვგეგმავთ. მაგრამ ჩვენ წარვადგენთ ჩვენს საკუთარ გეგმას არასამთავრობოებთან კოორდინაციით, რა უნდა ხდებოდეს პარლამენტში, რომ შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები. - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. მისი დამთავრებისას უფრო ნათელი გახდება, რა გეგმები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. 

მსგავსი სიახლეები