საქართველოს მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას მოახდენს - მიშელი
"კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი მზად არიან, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როგორც კი საქართველო ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას მოახდენს.
კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. გასულ კვირას ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად მივიღეთ რამდენიმე მთავარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და ხალხის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ამით გავუგზავნეთ ძლიერი გზავნილი მათ ხალხს და ჩვენს ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.