ოპოზიციის მიზანია, მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ აამოქმედოს - ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობის დაწყებაზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილის უარი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას ყოველთვის ეშინია ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის.
მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ აამოქმედონ რევოლუციური სცენარი.
უკაცრავად რა, რომ მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, რა მოაწერეს მათ? ეგრე არ არის. ჩამოყალიბდნენ რა უნდა საერთოდ. პოლიტიკა უნდათ პარლამენტში, დემოკრატია უნდათ თუ ქუჩაში რევოლუციის მოხდენა. მთავარი მიზანია, როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ. რაც შეეხება უნდობლობას, ყველაზე დიდი უნდობლობა მათ თავიანთი თავის მიმართ აქვთ, რადგან თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრული არიან და ყოველთვის ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის“, - ამბობს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.