ვაშაძის ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსულია FSB-ს ჯგუფი, რომელიც "ოცნების" პროპაგანდას კურატორობას უწევს
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოსულია ფსბ-ს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კურატორობას უწევს ქართული ოცნების პროპაგანდას.
ვაშაძის თქმით, სწორედ მათგან მომდინარეობს მესიჯი, თოთქოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ხდება იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო.
ეს არის ფსბ-ს მესიჯი რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები აჟღერებენ - აცხადებს ვაშაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აანონსებს, რომ მალე დასახელდება კონკრეტულ გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ ფსბ-ს ჯგუფთან და მათი მესიჯების ქართულ ენაზე ფორმირებას ახდენენ.
"მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, FSB-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ "ქართული ოცნების" ლიდერებს მიეცათ დავალება FSB-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სწორედ ახლა, ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატორები FSB-ს მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ "ქართული ოცნების" ლიდერებს გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა მოქალაქეებს მიმართა:
"როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ამ FSB-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ რომ ეს არის FSB-ს კურატორების დავალებით გაკეთებული განცხადებები. მიზანი ამ ყველაფრის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ომის თემებზე სასაუბროდ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.