პოლიტიკური კორუფცია პარტიების დაფინანსებაში - TI-ის ხმაურიანი დასკვნა
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკურ კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება - შესაბამის დასკვნას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.
ირკვევა, რომ TI-იმ ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. მთავარი აქცენტი გაკეთდა 17 პარტიაზე, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა ან იმავე წელს მინიმუმ 100,000 ლარის შემოსავალი მოიზიდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობას" თქმით, „ქართული ოცნების“ შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, 2021 წელს დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
ირკვევა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების (თითოეული დაახლოებით 40 მლნ იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც ქართული პოლიტიკის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს"- აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".
პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები ასე გამოიყურება:
- 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% - დაახლოებით 26 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი - „ლელო“ 3.3 მლნ ლარით;
- პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 68% (27.3 მლნ ლარი) კერძო დაფინანსებაზე (შემოწირულებები და სხვა ტიპის კერძო შემოსავალი) მოდიოდა და მხოლოდ 32% (13.8 მლნ ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;
- 17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო ჯამში 27.4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19.8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.9 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე - 2.5 მლნ ლარით „ლელო საქართველოსთვის” იყო;
- საბანკო სესხით მხოლოდ ორმა პარტიამ ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” 2021 წლის 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა, 1.5 თვის ვადით, 13.75%-იანი განაკვეთით.
რაც შეეხება პარტიების მიერ გაწეული ხარჯებს, ირკვევა, რომ 17-მა პარტიამ მთლიანობაში 41.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია
- 17-მა პარტიამ მთლიანობაში 41.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 62% - 25.8 მლნ ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 5.1 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი - „ლელო საქართველოსთვის“ 3.3 მლნ ლარით;
- პარტიების მთლიანი ხარჯების 49% (19 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 21%) და შრომის ანაზღაურება (12%);
- რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (8.4 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3.8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც - 87% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
- პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 4.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო. თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ნულოვანი ხარჯები. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ და „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები. განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა - 26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო.
ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევებიც
- მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:
- ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს;
- შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა;
- მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009" და შპს „მონოლითი - 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა;
- აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;
- ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს.
- წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები.
- 2021 წლის 12 ოქტომბერს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) თბილისის საკრებულოს წევრობის 16-მა კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ერთსა და იმავე დღეს იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა მათსავე წარმდგენ პარტიას შესწირა. 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა კანდიდატმა ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა მმართველი პარტიის ანგარიშზე. გაჩნდა ეჭვი, რომ ამ პირების მიერ განხორციელებული შემოწირულება კოორდინირებული შეიძლება ყოფილიყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნულ პირთა ფინანსები და შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა.
- აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები .განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის ინფორმაციითაც, დარღვევა არ გამოვლენილა. მიუხედევად იმისა, რომ აშკარად გამოკვეთილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადება და რეკომენდაციები ნახეთ აქ