ძალადობრივი ჯგუფების ანატომია და კავშირები დუგინთან - MDF-ის ანგარიში

08.07.22 15:30
ძალადობრივი ჯგუფების ანატომია და  კავშირები დუგინთან - MDF-ის ანგარიში

ძალადობრივი ჯგუფების ანატომია ქვეყანაში - მედიის განვითარების ფონდი 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების დაუსჯელ ორგანიზატორებზე საუბრობს.  

არასამთავრობო ორგანიზაციაში დაადგინეს, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზებას და იდეოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის ძალადობის კულტივირებას, როგორც მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, ალტ-ინფოს დამფუძნებლები ახდენდნენ, რომლებიც მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად და მოძრაობად ტრანსფორმირდნენ.

ირკვევა, რომ მოძალადეები კრემლთან კავშირში არიან.

ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: სხვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან იყვნენ ჩამოსულები და მეტწილად ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” და “ქართული მარშის” მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. სოციალულ ქსელში გავრცელებული ფოტომასალების ანალიზის შედეგად “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირების ამოცნობა და მათი კავშირების დადგენა მოახერხა. გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით საქმიანობენ.

ეს ჯგუფებია:

ეროვნულობის და გენდერული იდენტობის შესანარჩუნებლად ფიზიკურ წვრთნებში ჩართული პირები,
“ჯვაროსნულ მოძრაობაში” ჩართული და “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან” დაკავშირებული პირები,
ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგო კამპანიასა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართული პირები,
ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული პირები.
აქციის ორგანიზებას და იდეოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის ძალადობის კულტივირებას, როგორც მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, ტვ ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები ახდენდნენ, რომლებიც მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ტრანსფორმირდნენ. თავის მხრივ, აღნიშნული ჯგუფი ულტრანაციონალისტ რუს ფილოსოფოსსა და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინთან არის დაკავშირებული.

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს იმ ჯგუფების შესწავლას, ვინც საზოგადოებრივ ასპარეზზე ყველაზე მკაფიოდ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ძალადობრივი პროტესტის და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის შედეგად გამოჩნდა. ანგარიშის პირველი ნაწილი აქციის მონაწილეთა პროფილებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილ ალტ-ინფოს, რომელიც ასპარეზზე ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის გზით, დღის წესრიგით შემოვიდა და რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები