საქართველოში თქვენს გადადგომას ითხოვენ! - ავსტრიაში მყოფ ღარიბაშვილს მძიმე შეკითხვებზე პასუხების გაცემა უწევს
ავსტრიაში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს მძიმე შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს - საქართველოს პრემიერს ჟურნალისტმა "პოლიტიკურ არასტაბილურობაზე" ჰკიხა. უცხოური მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ის აქციის მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას:
- "საქართველოში დემონსტრაციები მიმდინარეობს, ამ დემონსტრაციაზე ითხოვენ, მათ შორის, თქვენი მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის დანიშვნას“
კითხვაზე პასუხის გაცემისას ღარიბაშვილმა ჟურნალისტი საქართველოში მოიპატიჟა და თქვა:
"დემონსტრაციები უშედეგოდ დასრულდება, მთავრობა სტაბილურია".
რაც შეეხება კითხვას, რომ თითქოს დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას". - თქვა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, "ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანა ბევრი მიმართულებით წავიდა:
მინდა, კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი"- თქვა პრემიერმა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების შესახებ დასმულ კითხვას, ღარიბაშვილმა აქცენტები ისევ წინა ხელისუფლებაზე გადაიტანა და თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ "2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა მოქალაქეებს".
მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც იმუშავა ბატონმა ტომას ჰამერბერგმა და ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით"- დასძინა მან.