ოლიგარქი მძიმე დღეშია - ,,ივანიშვილს ფინანსურთან ერთად რეპუტაციული პრობლემებიც შეექმნა"

08.07.22 17:48
ოლიგარქი მძიმე დღეშია - ,,ივანიშვილს ფინანსურთან ერთად რეპუტაციული პრობლემებიც შეექმნა"

ოლიგარქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო გადაკეტილია - ექსპერტები თვლიან, რომ არაფორმალური მმართველობისთვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ფასს უკვე იხდის, თუმცა მათი ვარაუდით, ეს ფასი მომავალში უფრო მასშტაბური იქნება.

ფაქტია, რომ ივანიშვილი შვეიცარიული ბანკისგან ფულს ვერ იღებს და  მილიარდანხევარს ვეღარ განკარგავს. სპეციალისტები არ მალავენ, რომ ეს სანქციებია, რომელსაც ჯაჭვური რეაქციასავით სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებიც მოჰყვება, რათა ოლიგარქს შემოსავლის გზები გადაუკეტონ.

საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან,  რომ გადამწყვეტი რუსეთის სანქცირების ჯგუფის რეკომენდაცია იქნება. ,,საქართველოს სტარატეგიული ანალიზის ცენტრის" წევრი, ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი, აცხადებს, რომ რუსეთის სანქცირების ჯგუფი, იგივე მაკფოლ-ერმაკის კომისია, კომპეტენტურია და მსოფლიო ფინანსურ, პოლიტიკურ წრეებში  მათ აზრს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

ფინანსური პრობლემები ნამდვილად შეექმნა ბატონ ბიძინას, მანამდე რეპუტაციული პრობლემაც შეექმნა. მთავარია, რა დასკვნებს დადებს მაკფოლ-ერმაკის კომისია. რადგან ეს ხალხი ეყრდნობა ძალიან ძლიერ ინსტიტუციურ პოტენციალს, როგორც ამერიკის, ასევე უკრაინის, მათ შორის, სადაზვერვო პოტენციალსაც.

მათი რეკომენდაციები იქნება სერიოზული სისტემით გამყარებული, ერთი ხელის აქნევით ეს არ იქნება. და მათი იგნორირება შესაძლოა, ძალიან ძვირად დაჯდეს.- ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ექსპერტი ბათუ ქუთელია "ტვ პირველთან" ამბპბს, რომ ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს, თავი დააღწიოს სანქციებს, ეს კი  ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაა. 

მთელი იდეა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მართავს საქართველოში, რეალურად ჩამოშორდეს ასპარეზს - აცხადებს ბათუ ქუთელია.

ცნობისთვის, პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქონების გადასარჩენად, საზოგადოების წინაშე შესაძლოა, მალე გამოჩნდეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქი საბოლოოდ, კულისებიდან გამოვა, "ბევრ ტყუილს იტყვის და ასე შეეცდება, საზოგადოებას აზრი შეუცვალოს".

მსგავსი სიახლეები