"ოცნების" ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა - "სტრატეგია აღმაშენებელი"

09.07.22 13:43
"ოცნების" ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა - "სტრატეგია აღმაშენებელი"

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს შეწყვიტონ საქართველოს დამაზიანებელი ქმედებები და თავდასხმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის მისამართით.

მოძრაობის თქმით, საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა "ოცნების" ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არის შანსი, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააკარგვინოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსი.

„საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა "ქართული ოცნების" ანტიდასავლური და უფრო კონკრეტულად, ანტიამერიკული პროპაგანდა. 

ამის ნათელი დასტურია პირდაპირი თავდასხმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის მისამართით. 

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტების ეს  განცხადებები,  ფორმალურად სხვადასხვა ადამიანების სახელით და გვარით ვრცელდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას აქვს ერთი სახელი და გვარი და მისი ავტორია ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც  სანახევროდ დასავლური სანქციების პირობებში იმყოფება და საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. 

მოვუწოდებ ივანიშვილს და "ქართული ოცნების" ლიდერებს, დროზე მოეგონ გონს და შეწყვიტონ საქართველოს დამაზიანებელი ქმედებები, საქართველოს ეროვნული ინტერესის ღალატი. 

ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი ანტიდასავლური, ანტიამერიკული კამპანიიის მიზნების და ამოცანის შესახებ ბოლო დღეებში ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ ხდება შემთხვევით და მას ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ახორციელებენ საქართველოში მოვლენილი ფსბ-ს კურატორები ქართველი მესენჯერების (ინფორმაციის გამავრცელებლების) საშუალებით და არსებითი მნიშვნელობა  არ აქვს  კონკრეტულ წერილებს "ქართული ოცნების" რომელი ლიდერის სახელი და გვარი მიეწერება, ამის დასტურია თუნდაც ბოლოს, ყაველაშვილის სახელით ამერიკის ელჩის მიმართ ცილისმწამებლური   განცხადება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად ამ განცხადების ერთ აბზაცსაც ვერ დაწერს. 

ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მოქლაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შანსთან ერთად, ძალიან დიდია რისკი, რომ ეს შესაძლებლობა "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა  დააკარგინოს საქართველოს და მის მოქალაქეებს. 

არ ავყვეთ დეზინფორმაციას რადგან უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში  საქართველოს სახელმწიფოს, მის თავისუფლებას აშშ-ს მსგავსი მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფო არ ჰყავს. 

ღმერთმა დალოცოს საქართველო! 

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!” - ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით. მანვე აღნიშნა, რომ "ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი, ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს. 

მსგავსი სიახლეები