"ოცნებიდან" ივანიშვილის ტრიოში - დეპუტატებმა ჭიათურასა და ლაგოდეხში მმართველი პარტია დატოვეს

11.07.22 11:49
"ოცნებიდან" ივანიშვილის ტრიოში - დეპუტატებმა ჭიათურასა და ლაგოდეხში მმართველი პარტია დატოვეს

ივანიშვილის ტრიოს მხარამჭერები გამოუჩნდნენ - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. 

ჭიათურის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე წერს, რომ მიზეზი მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი სამხარაძის მხარდაჭერაა.

ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი...

ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ". - წერს ნიკა სამხარაძე ფეისბუქზე. 

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაგა ღამბაშიძემ ყავალაშვილის მსგავსად, იერიში კელი დეგნანზე მიიტანა. 

ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრ მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი მომხდარა?"- წერს ღამბაშიძე და დასძენს: 

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ…!!!

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოსა და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუ კი ვინმეს მუნიციპალიტეტებიდან სურვილი აქვს, შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა"- წერს ღამბაშიძე. 

 

მსგავსი სიახლეები