საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა "ოცნება" და თანამდებობები თერჯოლასა და ახალციხეშიც დატოვეს
ე.წ. ამბოხებულთა ტრიო ფართოვდება - „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს თერჯოლასა და ახალციხეშიც.
ამ დროისთვის სულ 4-მა საჯარო პირმა დატოვა პარტია - უფრო კონკრეტულად, თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმა, დატოვეს.
ყველა მათგანი მხარს უჭერს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს და აკრიტიკებს კელი დეგნანს.
„როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება“ - წერს თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადამდგარი ომარ ჯიხვაშვილი.
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.
თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერია ჯიხვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ირწმუნება, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულის სამი დეპუტატის მსგავსად, სურს საზოგადოებას თამამად ესაუბროს, კოლეგების მსგავსად, საბა კბილაშვილიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს.
დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს. ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!!
ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.
ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა“, - წერს კბილაშვილი.