კიდევ ბევრი შემოგვიერთდება - "ივანიშვილის ტრიოს" ლიდერი
პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც 2 დეპუტატთან ერთად ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდი დატოვა, საკრებულოების იმ დეპუტატებს უხდის მადლობას, რომლებმაც დღეს "ქართული ოცნება" და თანამდებობები ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს.
სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული, როცა თანამდებობაზე მაღლა სამშობლოს ინტერესს აყენებ, - წერს ხუნდაძე.
მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.
ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და "თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა". მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.
მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს.
საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
დღეს თანამდებობა დატოვეს ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა.