მერია შტატებს ზრდის - ოპოზიციის თქმით, "ოცნება“ პარტიულ აქტივს ასაქმებს
თბილისის მერიაში დასაქმებულების რიცხვი კიდევ 36-ით გაიზრდება. კალაძის უწყებამ შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. ირკვევა, რომ 30 თანამშრომელი ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმდება, 6 კი თბილისის განვითარების ფონდში.
ოპოზიცია ამბობს, რომ კალაძე უწყებაში პარტიულ აქტივს ასაქმებს და ათი ათოსობით ლარს ,,ოცნების" მხადმაჭერები თბილისის ბიუჯეტიდან პარტიული ერთგულებისთვის მიიღებენ.
ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის, თქმით, მაშინ როდესაც საქართველოდან სამუშაოს საძებნელად ყოველწლიურად 100 ათასი ადამიანი გადის, მაშინ „ოცნება“ თავისი აქტივისთვის სასათბურე პირობების შექმნით არის დაკავებული.
მაშინ, როდესაც ქვეყნიდან ყოველწლიურად 100 ათასი ადამიანი გადის სამუშაოს საძებნელად უცხოეთში, აი ამ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქოც-აქტივისტები დაასაქმოს, თბილისის ბიუჯეტს, რომელიც ისედაც შტატებით არის გაბერილი, კიდევ 37 შტატს ამატებს, რაშიც ჩვენ წლიდან წლამდე ასი ათასობით ლარი უნდა გადავიხადოთ. ეს თანხები ხმარდება არა თბილისელების საჭიროებებს, არამედ ქოც-აქტივისტების დასაქმებას და მათთვის სასათბურე პირობების შექმნას“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
რა ფუნქცია ექნებათ თანამშრომლებს, რომლებისთვისაც მერია შტატების გამოყოფას ითხოვს, ეს ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული საკითხი დღეს, 4 საათზე, საკრებულოს სხდომაზე განიხილება.