ღარიბაშვილისთვის დეოლიგარქიზაციაზე საუბარი პირადი შეურაცხყოფაა
"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს.
როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.