დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - კელი დეგნანი
შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, დღეს ,,ჟურნალისტური ქარტიის" წევრებთთან შეხვედრისას განაცხადა.
კელი დეგნანი მედიის უფლებადამცველებთან შეხვედრისას 5-6 ივლისის ამბებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ.
აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს, საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად. შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.
5 და 6 ივლისის შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.
დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია - განაცხადა კელი დეგნანმა.