საშინაო დავალება ევროკავშირისგან - ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასაჯაროვებისთვის ემზადება
ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასაჯაროვებისთვის ემზადება. რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ პარტიები დღეს საერთო განცხადებას გამოქვეყნებენ, თუ როგორ უნდა შესრულდეს წევრობის სტატუსისთვის 12 პუნქტი და როგორი უნდა იყოს პარლამენტის დღის წესრიგი.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატები ხელმოწერებსაც შეაგროვებენ და სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით ოფიცალურად მიმართავენ.
ნუგზარ წიკლაური განცხადებით, ნაციოლანური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო, სწრაფი მოქმედებები რათა ეს გეგმა, რომელსაც დღეს წარმოადგენენ, შესრულდეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს არა რაღაც სიმულაცია ამ პუნქტების შესრულების, არამედ იყოს მკაფიო, სწრაფი მოქმედებები იმისათვის, რათა ეს გეგმა შესრულდეს. სწორედ ამისათვის დღეს იქნება მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და დაველოდებით მის პასუხს. საჭირო იქნება დაჩქარებული წესით მოწვევა პარლამენტის სხდომის“.- ამბობს წიკლაური.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ალუდა ღუდუშაურის თქმით, რიგგარეშე სხდომა სხვა არაფერია თუა არა საცირკო წარმოდგენა.
ღუდუშაური აღნშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ აპირებს.
რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული გარდა ერთისა, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ჩვენ ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ. რა უნდა იყოს განხილული რიგგარეშე სხდომაზე, როდესაც დღეს გვაქვს მთავარი სასიცოცხლო ამოცანა, ეს არის რეკომენდაციების შესრულება და რეკომენდაციების პროცესში ჩართულობა და როდესაც ამ პროცესს უცხადებ ბოიკოტს, რა უნდა გააკეთონ ამათმა“. - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
38 ხელმოწერა სჭირდება ოპოზიციას პარლამენტის მხრიდან, რომ რიგგარეშე სხდომის ოფიციალური მოთხოვნა ძალაში შევიდეს და პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.