ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვს- პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

13.07.22 15:53
ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვს- პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია - ოპოზიცია რიგგარეშე სესიისთვის ხმების მობილიზებას იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ოფიციალური წერილით რამდენიმე საათში  საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით იმ კანონების დამტკიცებას და საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას მოითხოვენ, რომელსაც ევროგაერთიანება საქართველოს წევრობის სტატუსის სანაცვლოდ სთავაზობს.

ოპოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებში პრიორიტეტად მიიჩნევს საკონსტიტუციო ცვლილებათა,  ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს შესახებ კანონის პროექტებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს კანონპროექტები შეესაბამება ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციას. 

ახლა ჯერი ,,ქართულ ოცნებზეა". არ მაქვს არანაირი ილუზია, მაგრამ ის ან ჩააბარებს ტესტს, ან მოხდება მისი სრული ლუსტრაცია. 

თუ ის უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებია, ეს კიდევ ერთხელ ქართულ საზოგადოებას და ჩვენს ევროპელ მეგობრებს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან, ,,ქართული ოცნების" სახით და არა საქმის მკეთებელ ადამიანებთან - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

თუმცა მმართველმა პარტიამ დღეს უკვე დაანონსა, რომ  რიგგარეშე სესიას  ჩაშლის. 

ოპოზიციის წარმომადგენელთა დაჟინებული მოთხოვნა რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით შეესაბამება მათთვის ხმაურიანი პლატფორმის უზრუნველყოფას იმის გათვალისწინებით, რომ რეალური გეგმა ჩვენი მხრიდან შემუშავებულია და ეს გეგმა რეალურია.

ამ ეტაპზე მათ მიერ განხილული არც ერთი საკითხი არ საჭიროებს სასესიო განხილვას- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის საერთო განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ იქნება ,,მოქალაქეები" და ,,გირჩი". თუმცა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული პარტიების გარეშეც შეძლებენ საკმარისი ხმის მოგროვებას. 

მსგავსი სიახლეები