ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკება - "ოცნება" კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
ასპინძის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. გია ჭელიშვილი და ე.წ. ტრიოს უერთდება.
როგორც ჭელიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკება და დღეს ისე, როგორც არასდროს, საზოგადოებას სიმართლის ლაპარაკი სჭირდება .
ძალიან რთულია, ჩუმად უყურო, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი „ნაცმოძრაობის“ მფარველი – იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები. იყო „ნაცმოძრაობის“ მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს, იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე, რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობა“.
ეს იყო დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.
დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ.
ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკებიან; ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ევროპას შორის.
სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, დავტოვო პარტია "ქართული ოცნება" და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი“, – წერს გია ჭელიშვილი.
პარტია „ქართული ოცნება“ დღეს თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლაშვილმაც დატოვა.