პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე აქტი გამოსცეს - დავით უსუფაშვილი

13.07.22 17:47
პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე აქტი გამოსცეს -  დავით უსუფაშვილი

ოპოზიციამ პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო - უკვე ერთი საათია, რაც სალომე ზურაბიშვილისა და  ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, შეხვედრა დასრულდა. 

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან რიგგარეშე სესიის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუ არ ვცდები, 45-მა დეპუტატმა, გადავწყვიტეთ, მიგვემართა საქართველოს პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით, რათა ჩვენ არ დავკარგოთ დრო და ახლავე დავიწყოთ მუშაობა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად აუცილებელ საკითხებზე.

რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე თავად გადაწყვეტს, შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუცია ასეთ მექანიზმს ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტს 48 საათი ექნება, აქტი გამოსცეს სესიის მოწვევის თაობაზე.

ხოლო თუ პრეზიდენტმა ეს აქტი არ გამოსცა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდება საპარლამენტო პროცესისი დაწყება - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

,,ლელოს" ლიდერი ორბელიანის სასახლეში მას შემდეგ მივიდა, რაც ოპოზიციამ ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტს სხდომის მოწვევას თხოვენ -მიზანი კი საკონსტიტუციო ცვლილებების გახილვა და იმ კანონების დამტკიცებაა, რომელსაც  ევროგაერთიანება საქართველოს წევრობის სტატუსის სანაცვლოდ თხოვს.