ოპოზიციის ლიდერებზე თავდამსხმელი „უცნობის“ შუამდგომლობით გაათავისუფლეს
ოპოზიციის ლიდერებზე თავდამსხმელი „უცნობის“ შუამდგომლობით გაათავისუფლეს.
დავით ბერძინენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის ორგანიზატორს თავდებში მოძრაობა "აი ია" ჩაუდგა. რადიკალთა მცველების წერილი საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, ირაკლი ხომასურიძე ციხიდან სახლში გაეშვა.
ხათუნა სამნიძის თქმით, პროკურატურისგან მას და დავით ბერძენიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა არც მოუთხოვიათ და ისინი ირაკლი ხომასურიძის გათავისუფლების წინააღმდეგნი არ არიან.
"ივლისის დასაწყისში დავით ბერძენიშვილმა და მე მივმართეთ პროკურატურას, რომ ყველაზე მაღალი სასჯელის ზომას არ ვითხოვდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. ის რომ, 205 სტუდენტის წერილი წარადგინა ადვოკატმა, რომლებიც ითხოვენ ლექციების წაკითხვის აკრძალვას ლევან ბერძენიშვილისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა იყო საერთოდ მიზეზი ამ თავდასხმის. ამ ადამიანის გათავისუფლება თავდებობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვისგან არის ეს წახალისებული და ვის სურდა, რომ ასეთი თავდასხმა მომხდარიყო“. - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ხომასურიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და რადგან თავად დაზარალებულები თანახმანი არიან, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, ამიტომაც მოხდა ირაკლი ხომასურიძის გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ირაკლი ხომასურიძე თავს დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე დაესხა.