ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს - ელჩი საქართველოს "ომში ჩათრევაზე"
განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს, „სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება“ - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, გააკეთა.
"გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ" - ამბობს ელჩი.
ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს - განაცხადა ჰარცელმა.