საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს არ შეუერთდა - ოპოზიციის შეფასებით, "ოცნებამ" კრემლის გზა აირჩია

14.07.22 13:46
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს არ შეუერთდა - ოპოზიციის შეფასებით, "ოცნებამ" კრემლის გზა აირჩია

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს არ უერთდება. საუბარია გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 40 სახელმწიფოს მხარდამჭერ განცხადებაზე, რომლებმაც  უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსეთის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. 

მიმართვას ამერიკა და ევროკავშირიც უერთდება.

ჰააგაში საერთაშორისო სამართლიანობის აღმსარულებელი დირექტორი, ნიკა ჯეირანაშვილი, საქართველოს აუტსაიდერად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჩვენი სახელმწიფო გაბუტული ბავშვივით კუთხეში დგას. 

აჩვენებს, რომელ მხარეს დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროა, რომ საქართველო გამოიყურება გაბუტული ბავშვივით, რომელმაც თავისივე უმაქნისობით ვერ მოიპოვა ვერც 2008 წელს და ვერც მას შემდეგ ასეთი ტიპის საერთაშორისო მხარდაჭერა, ჩანს ნაწყენი, ერთგვარი აუტსაიდერი დგას კუთხეში, მაშინ, როცა უკრაინა ამხელა მხარდაჭერას იღებს.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთგვარად მედროშე და ამ პროცესების წამომწყები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ჩამოვრჩებით ამ ყველაფერს და გარკვეულწილად, უარს ვუცხადებთ, ეჭვის თვალით ვუყურებთ, -თქვა ჯეირანაშვილმა. 

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ პირადად პრემიერი და მისი მთავრობაა წინააღმდეგი, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს შეუერთდეს.

ცვლილებებიც იმ მიმართულებით განხორციელდა საგარეოში, რომ საგარეოს მანევრირების უფლება ნულამდეა დასული და ცხადია, ვინც ჭედავს, ჭედავს კონკრეტულად ღარიბაშვილი, ჭედავს, სავარაუდოდ, იუსტიციის მინისტრი, რომელიც მისი უშუალო ხელის გაგრძელებაა და ეს გაჭედვა მოდის ბიძინა ივანიშვილისგან.

ეს არის კრემლის გზა, ეს არის რაშისტული გზა, ეს არის დამოკიდებულება და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთ კალათაში ყოფნა, - ამბობს გიგი უგულავა.