ოპოზიციას სურს საჯარო პერფორმანსი და იაფფასიანი სპექტაკლები, რათა პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოს- გურამ მაჭარაშვილი
პარლამენტის თავმდჯომარის კაბინეტში ,,ქართული ოცნების" საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა შალვა პაპუაშვილთან მმართველი გუნდის წევრები თათბირობენ. რა საკითხებს განიხილავენ საგანგებო შეხვედრაზე, ამას უმრავლესობის წევრები არ ახმაურებენ, თუმცა, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესიის გფამართვას მხარს არ დაუჭერენ.
უმრავლესობის შიგნით ჯერ არ გვიმსჯელია. ამიტომ უმრავლესობის ერთიან პოზიციას ვერ გეტყვით. მორიგი საკითხები, რაც დასასრულებელია, დავასრულებდი. ბევრი კანონია გაჩერებული. მათ შორის, ის კანონი, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მათ შორის ერთ-ერთი კანონის ინიციატორი მე ვარ და ძალიან მეჩქარება და სიამოვნებით მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გამოვიტანდი.
სესია რომ ჩაინიშნება, რა შედეგს მივაღწევთ? ოპოზიცია რა კანონპროექტსაც გამოიტანს, ჩვენ მხარს დავუჭერთ? ეს ასე არ იქნება. უნდა შეჯერდეს, გავიაროთ შესაბამისი სამართლებრივი რევიზია და მერე ვიმსჯელოთ- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
უმრავლესობის მეორე დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ოპოზიციას იაფფასიანი პეფორმანსების მოწყობაში ადანაშაულებს.
მათ არ იციან, რა არის რიგგარეშე სესიის სხდომა. საკითხი ჯერ უნდა იყოს მომწიფებული და შეთანხმებული, ამის შემდეგ, ბუნებრივია, უშვებს კონსტიტუცია და რეგლამენტი, მოწვეულ იქნას რიგგარეშე სესია.
ოპოზიციას არ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ სესია იყოს მოწვეული. ეს კი არის სააჯარო მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიციას სურს, საჯარო პერფორმანსები მოაწყოს, სპექტაკლები დადგან და პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. ეს არ გამოვა- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიცია პრეზიდენტის პასუხის მოლოდინშია. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათიანი ვადა აქვს. სალომე ზურაბიშვილმა ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა რიგგარეშე სესიას.
თუ ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდება, სავარუდოდ სესია მაინც ჩაიშლება, რადგან სახელისუფლებო პარტია უკვე ამბობს, რომ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, შესაბიმისად, ქვორუმი არ იქნება და სესიაც ვერ ჩატარდება.