ხელისუფლება არა თუ გააუქმებს უკანონო ლიცენზიას, შესაძლოა, დამატებით წიაღისეული გადასცეს ოლიგარქს- დავით კირკიტაძე
გაუქმდება თუ არა მთავრობის განკრგულება დავით ხიდაშელისთვის რაჭის უნიკალური ტყეების გადაცემაზე? ოპოზიცია ამბობს, რომ ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ოლიგარქიული რეჟიმის კლასიკური მაგალითია.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გარემოს დამცველების პროტეტისა და არასამთავრობო სექტორის სარჩელის მიუხედავად ივანიშვილის მთავრობა უკან არ დაიხევს და კანონდარღვევით გაცემულ ლიცენზიას არ გააუქმებს.
ტყეების გადაცემა მოხდა უამრავი დარღვევით და უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინტერესის საწინააღმდეგოდ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, ვის წარმოადგენს ხიდაშელი, ის წარმოადგენს ერთ-ერთ სანქცირებულ რუს ოლიგარქს.
არათუ აღნიშნული ლიცენზიის გაუქმებას შეძლებს ეს ხელისუფლება, ხვალ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე ვართ, რომ კიდევ დამატებით არ გადაეცეს მსგავსი ტიპის ოლიგარქს საქართველოს წიაღისეული- აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, დავით კირკიტაძე.
კორუფციის მკვლევარების მტკიცებით, ხელისუფლება და პირადად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვალშია სანქცირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან და ვალის დაბრუნება ამ გზით გადაწყვიტა, მას 50 წლით რაჭის უნიკალური ტყის მასივი გადასცა.
სწორედ დავით ხიდაშელი იყო ის პიროვნება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის რუკები გადასცა, რაც ,,კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება გახდა.
პუტინის კარის ბიზნესმენსა და ივანიშვილის ახლო მეგობარს, დავით ხიდაშელს, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო ზონა, რაჭა, მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით მისცეს. ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასაც დაუმალეს და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ გეგმა ბიზნესმენმა სისრულეში მოიყვანოს.