რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს - საგარეო უწყების განმარტება
რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტრო განმარტებებს აკეთებს.
უწყების მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სხვადასხვა სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები თავად აქვს შეტანილი, ასეთი ტიპის ვალდებულებამ შესაძლოა, აღნიშნულ პროცესებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).
გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა.
საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას, - წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს არ უერთდება. საუბარია გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 40 სახელმწიფოს მხარდამჭერ განცხადებაზე, რომლებმაც უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსეთის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.
მიმართვას ამერიკა და ევროკავშირიც უერთდება.