ამ კითხვას სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ- ამერიკის ელჩის პასუხი გვარამიას საქმის მოსამართლეს
ამერიკის ელჩის პასუხი გვარამიას საქმის მოსამართლეს - კელი დეგნანი ამბობს, რომ სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გასცემს.
დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ გაუქმდა პროგრამაში მოსამართლის მონაწილეობა.
დიპლომატი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:
„მე ამ კითხვაზე სხვის ნაცვლად ვერ გავცემ პასუხს. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მოსამართლეებისთვის და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთის. ვისაც აქვთ სურვილი დაუკავშირდნენ თავის კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატები. მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და ეს იყო სასარგებლო როგორც ქართველი მოსამართლეებისთვის, ასევე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს“. - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ დღეს გავრცელებულ წერილში პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკაში მისი ვიზიტი საელჩომ სწორედ ნიკა გვარამიას ციხეში გაშვების გამო დაბლოკა.
20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.
მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს.