განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე - დეგნანი ჩხიკვაძეზე
საქართველოში აშშ-ის ელჩი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან არ მომხდარა არანაირი ჩარევა მოსამართლის დამოუკიდებლობაში და ჩხიკვაძის ნათქვამი არ შეესაბამება სიმართლეს.
კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩოს მიზანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო იყოს.
"ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე. წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა", - ამბობს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ აღნიშნული საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.