იმასაც მოვყვები, რაც ჩანაწერში ვერ მოხვდა, რისი გაშუქებაც არ აწყობდა სახელისუფლებო მედიას - ეკა სარია
საგამოძიებო სამსახურში დაკითხვების სერია იწყება - ტოტალური მოსმენების მსხვერპლ ჟურნალისტებსა და რეპორტიორებს გამომძიებლები გამოკითხვაზე ელოდებიან.
კოკა კაციტაძის უწყებაში გამოკითხვაზე ,,მთავარი არხის" პროდიუსერი, ეკა სარია მივიდა. ,,მთავარი არხის" თანამშრომელი აცხადებს, რომ ობიექტური გამოძიების დიდი იმედი არ აქვს, მაგრამ სამართალდამცველებს მიაწვდიას იმ ინფორმაციას, რაც გააჩნია, მათ შორის იმ ფაქტებსაც, რაც ჩანაწერებში არ მოხვდა და რისი გაშუქებაც სამთავრობო მედიას არ სურდა.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს გამოძიება რაიმე კონკრეტული შედეგით დასრულდება. იმასაც ვერ ვხვდები, ჩვენმა მონაყოლმა როგორ უნდა შეუწყოს ხელი გამოძიებას იმის დადგენაში, ვინ ჩაიწერა ეს საუბარი.
ჩემთვის ისედაც ყველაფერი ნათელია და მიმაჩნია, რომ ,,უცნობს" გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. გაცილებით სასარგებლო იქნება მისი გამიკითხვა.
ამ ოთახში მოხდა ჩაწერა, დაახლოებითი თარიღიც მახსოვს: 3-4 ნოემბერი 2021 წლის. ჩვენ ვესწრებოდით, ფიგურანტები, მახსოვს სიტუაცია და მოვყვები აბსოლუტურად გულწრფელად იმასაც, რაც ჩანაწერში ვერ მოხვდა და არ აწყობდა სახელისუფლებო მედიას, რომ გამოექვეყნებინა. - ამბობს ,,პოსტ ფაქტუმის" პროდიუსერი, ეკა სარია.
,,მთავარი არხის" თანამშრომლები, გიორგი გაბუნია და ლაშა კვესელაძე, გამოკითხვაზე 6 საათისთვის მივლენ, რაც შეეხება უკანონო მოსმენის კიდევ ერთ ფიგურანტს, ჟურნალისტ გიორგი გვიშიანს, ის საგამოძიებო უწყებაში დღეს ობიექტური მიზეზის გამო ვერ მივა, რადგან სიუჟეტის მოსამზადებლად ქალაქგარეთ არის გასული.
მივა თუ არა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, დღეს საგამოძიებო უწყებაში, უცნობია.