რატომ მოაწერა ხელი პარლამენტში რიგგარეშე სესიიის გამართვას- პრეზიდენტის განმარტება

15.07.22 18:45
 რატომ მოაწერა ხელი პარლამენტში რიგგარეშე სესიიის გამართვას- პრეზიდენტის განმარტება

ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, ამიტომ მოვაწერე ხელი აღნიშნულ განკარგულებას - საქართველოს პრეზიდენტმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარლამენტში რიგგარეშე სესიის ჩატარებას დაუჭირა მხარი.

ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიას. მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რომ ხელს  ბულინგისა და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ. ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის.

ხელი იმიტომ მოვაწერე, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. მისი შესრულება ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ამდენად მიმაჩნია, რომ სესია გამართლებულია. ახლა გამართლებული არ არის შესვენება, კომისიების მუშაობა არის გამართლებული და მე მოვუწოდებ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ ყველაფერში სრულად მონაწილეობა მიიღონ. 

ყველა კანონი უნდა მივიღოთ და პირველ რიგში დეპოლარიზაცია ერთად ყოფნითა და დიალოგით უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ჩვენი ქვეყნის სტარატეგიულ პარტნიორებზე პოლიტიკური თავდასხმების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ასეთი რამ მიუღებელია.

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამჯამად კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. მე არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიების საშუალებით.

 ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენ სხვა მეგობრები არა გვყავს. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 პოლიტიკური თავდასხმა ამერიკის ელჩზე- დღეს კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, გააკრიტიკა.