ჩხრეკვა და დაკავება ყველა ნორმის დაცვით მოხდა - ზარქუა გოგაშვილის დაკავებაზე
ირაკლი ზარქუას თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავება ყველა ნორმის დაცვით მოხდა.
უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ემუქრება და ასევე ამბობს, რომ მისი დაკავება სოციალურ ქსელში გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს არ უკავშირდება.
„მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული და დაკავებაც განხორციელებული. ერთი რამ ცხადად ჩანს და ჩვენს მმართველობაში მკაფიოდაა გამოხატული - მიუხედავად იმისა, ვინ არის ის, იყო მაღალჩინოსანი, ჩვენი გუნდის წევრი თუ არა, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც. მე მას პირადად არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ეს ადამიანი ბოლო წლებია სულ რაღაცას გვემუქრება, ხან რაღაცას დებს და ა.შ. ეს თუ ასეა [და დაკავება უკავშირდება გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს], აქამდეც აიყვანდნენ, მაგრამ არაა ასე. მიმდინარე საგამოძიებო საქმეზე ჩათვალა შესაბამისმა უწყებამ, რომ ახლა დროა მიემართა სასამართლოსთვის, ჩაატარა ჩხრეკა და დაკავება“, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ გაყალბდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გოგაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადასცა.