რადიკალების აქციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქე - კოკა მორგოშია პასუხისმგებლობას იხსნის
რადიკალების ლიდერი, კოკა მორგოშია, 65 წლის მიხეილ მამუკიშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
საუბარია კაცზე, რომელმაც "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
კოკა მორგოშია მომხდარ ფაქტს ემიჯნება და ამბობს, რომ აქციაზე არავის მოუწოდებია მიხეილ მამუკიშვილისთვის, თავი დაეწვა.
მეტიც, მორგოშიას მტკიცებით, რაც აღნიშნული მამაკაცის შემთხვევაში მოხდა, "ლიბერალური მედიის დამსახურებაა". რადიკალების ლიდერი უფრო შორს წავიდა და "ტვ პირველს" პირდაპირ დაემუქრა - "დაგადებთ დიდ ბოქლომს".
ცხონებული ლიბერალურ პროპაგანდას ებრძოდა და პროტესტის ნიშნად, სამწუხაროდ მან თავი დაიწვა. ოჯახიდან გავიგეთ, რომ მუდმივად ჩვენს არხს უყურებდა. ფაქტი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არავისთვის მოგვიწოდებია ასეთი ქმედებისკენ.
გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა როგორ უნდა ავიღოთ?! ჩვენ არ მოგვიწოდებია, ეს გაეკეთებინა, ეს იყო პროტესტი, მათ შორის თქვენს მიმართ. ორ თვეში საქართველოში ლიბერალური დიქტატურა დასრულდება, დასრულდება "ტვ პირველი", თქვენს ტელევიზიას ძალიან დიდ ბოქლომს დავადებთ. გამარჯვების ნიშნად "ალტ-ინფოს" დროშას დავარჭობთ"- განაცხადა მორგოშიამ.