უკანონო მოსმენები ,,მთავარი არხის" ოფისში - გამოძიებას კითხვები "მთავარი არხის" დაცვის სამსახურთან აქვს
მოსმენები ნიუსრუმენბში - გია გაჩეჩილაძეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ელოდებიან. ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთთმა პროპაგანდისტმა გამოძიებას უნდა უთხრას, საიდან აქვს ,,მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბრის უკანონო ფარული ჩანაწერი, ვინ მიაწოდა და რატომ გაავრცელა.
გია გაჩეჩილაძის ადვოკატის ინფორმაციით, ,,უცნობი" მთავარ საგამოძიებო სამსახურში ნახევარ საათში მივა და ჩვენებას მისცემს.
პარალელურად ირკვევა, რომ კოკა კაციტაძის უწყებას დამატებითი კითხვები აქვს ,,მთავარი არხის" უსაფრთხოების სამსახურთან. საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, სად იყო დაცვა, როცა ტელევიზიაში ფარული მიყურადება მიმდინარეობდა.
მთავარი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ ,,მთავარ არხში" მოსასმენი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესაძლო საქმეზე ჩაატარა ყველა აუცილებელი საგამოძიებო საქმიანობა.
,,მთავარი არხის" სამუშაო სივრცეში ჩატარდა საგამოძიებო ქმედება, თუმცა ოფისის დათვალიერებამ შესაბამისი სპეციალისტებისა და ,,მთავარი არხის" წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ, აღმოეჩინათ მოსასმენი მოწყობილობა, შედეგი არ მოგვცა.
შეკითხვები გვაქვს ,,მთავარი არხის" უსაფრთხოების სამსახურთან, თუკი არსებობდა ასეთი მოწყობილობა, როგორ შეიძლება, სამუშაო სივრცეში უცნობი პირი აღმოჩნდეს? როგორ მოხდა მონტაჟი, როცა ამ სამუშაო სივრცის ირგვლივ უამრავი კამერა არსებობს? - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
,,მთავარი არხის" თანამშრომლებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ და შესაბამისად, არც იმის მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება მათ ოფისში დამონტაჟებულ მოსასმენ მოწყობილობას აღმოაჩენდა.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სახელმწიფოს ერთმა უწყებამ დადო ეს მოსასმენი მოწყობილობა. როგორ შეიძლება, მეორე უწყებამ გამოიძიოს ეს? ერთმანეთს ხომ არ დასჯიან? ვინ შეიძლება, დაინტერესებულითყო ჩვენი საუბით? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მეტი არავინ. უნდა დაიწყოს გამოძიება აქედან და პირველ როგში, უნდა დაიკითხოს ,,უცნობი". რა სახით იყო ჩანაწერი, ფლეშკა იყო? როგორ მიუტანა კურიერმა, რა დროს მიუტანა? საიდან იცოდა უცნობმა, ამ საუბარში ვინ მონაწილეობდა? რადგან, როგორც ვიცი, პირადი ურთიერთობა მასთან არ გვაქვს- თქვა ,,მთავარი არხის" ჟურნალისტმა, გიორგი გვიშიანმა.