ვის ჩააბარეს პეროსნალური მონაცემები - "ოცნებამ" უწყების ხელმძღვანელი კადრი დაზვერვიდან მოიყვანა
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაზვერვის ყოფილი კადრი, გელა გელაშვილი, დაინიშნა. ის, რომ ფარული მიყურადების საკითხების ზედამხედველობა დაზვერვის ყოფილმა კადრმა უნდა განახორციელოს, უწყების ხელმძღვანელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ის გახლდათ დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, ბატონი გელა გელაშვილი და შემდგომ მოადგილე, რომელიც კურირებდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ის კურირებს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და აქ ვერ ვხედავ სამართლებრივ პრობლემას, - ამბობს ლელა ჯანაშვილი.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მოადგილის პოსტზე დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნის დანიშვნა არ გაკვირვებია ყოფილ სახელმწიფო ინსპექტორს. ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლაც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ უწყებაზე კონტროლი ხელისუფლების ხელში ყოფილიყო.
ამ სამსახურზე სრული კონტროლი დააწესა ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებებმა და იმ ორგანოებმა, რომლის ხელშია ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღსრულება და განხორციელება. სახელმწიფო ინსპექტორის დაშლის მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება, ასევე, საგამოძიებო მიმართულება ეკონტროლებინა ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს, ამიტომ იმ ე.წ. რეფორმასთან ერთად ეს საკადრო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. ხელმძღვანელები აბსოლუტურად, ორივე შერჩეული ამ ხელისუფლების მიერ ზუსტად იმიტომ, რომ ლონდა თოლორაია მისი გადაწყვეტილებებით და დამოუკიდებლობით იყო მიუღებელი, ასევე, მათ სჭირდებოდათ მოადგილეების პოსტები იმისთვის, რომ ეკონტროლებინათ მათ მიერ დანიშნული უფროსები, იმიტომ, რომ ვაიდა ერთ დღეს ძალაუფლების ეშხში შევიდეს რომელიმე მათგანი, - თქვა თოლორაიამ.