სოსო გოგაშვილმა წინააღმდეგობა გაგვიწია - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ სპეცოპერაციისას სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ დაკავებამდე სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. ლილუაშვილის უწყების განცხადებით, "სოსო გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას, არ გააღო კარი, რის შემდეგაც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები“
რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები"- აცხადებენ უწყებაში.
ამასთან ლილუაშვილის უწყების განცხადების თანახმად, "გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები".
გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.
"- წერია განცხადებაში.
სუს-ში ამბობენ, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა.
მათივე მტკიცებით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
სუს-ის განცხადებით, იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 2022 წლის 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სუს-ის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია