ევროკავშირის რეზოლუციას რომ ჩალის ფასი აქვს, ეს იყო ჩვენი პირველი რეაქცია - მამუკა მდინარაძე
ევროკავშირის რეზოლუციას რომ ჩალის ფასი აქვს, ეს იყო ჩვენი პირველი რეაქცია - ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებისას ტყუილის ტირაჟირება განახორციელა.
როგორც კი შევნიშნავთ, რომ ჩვენი მეგობრების, თუ პარტნიორების მხრიდან იქნება არასწორი ინფორმაცია გახმოვანებული, ჩვენი სწორი დასავლური კურსი და მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ტყუილზე თვალი დავხუჭოთ.
როცა ევროპარლამენტის რეზოლუცია ფეიკებს დაემყარა, ეს იმავე დღეს ვთქვით. გაკვირვებულმა რომ მკითხეთ, კობახიძემ თქვა, ჩალის ფასი აქვსო, ეს კობახიძემ დღეს კი არ თქვა პირველად, ეს ჩვენ ვთქვით პირველივე დღეს, პირველივე რეაქცია იყო ეს ჩვენი ამ რეზოლუციაზე. ..
როცა საფუძველი ტყუილია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხრიდან ასეთი ტყუილი ტირაჟირებულია, მაშინ ამას თავისი სახელი უნდა დაარქვა - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, ჩალის ფასი აქვს.
რა თქმა უნდა, რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს რეზოლუცია არის უსამართლო.
როცა რეზოლუცია იმაზე საუბრობს, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, დაისაჯოს ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება დოკუმენტს.- განაცხადა კობახიძემ.