"არ მგონია, რამე არასტანდარტული ხდებოდეს" - სარჯველაძის მტკიცებით, გვარამიას პროცესის 2 თვით გადადება ნორმაა
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესის ორი თვით გადადებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. მმართველი პარტიის წევრის თქმით, ის, რომ მოსამართლე შვებულებაში გადის, სრულიად ნორმალური მოვლენაა.
შვებულებაში რატომ გადის მოსამართლე, ამაში უცნაურობა არაფერია და მერე მეორე, რომ თუ ეს არის გარემოება, მე არ ვიცი, გადის თუ არ გადის შვებულებაში, თუ ეს არის მიზეზი, ესეც არ მგონია, რომ არანორმალური იყოს. პროცესის გადადება 2 თვით რატომ ხდება, არ ვიცი, ერთი კვირით რომ გადადებულიყო, მერე შეიძლება ეთქვათ, რომ „აი, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დაჩქარებას ცდილობენო“ და არ მგონია, რაღაც არასტანდარტული და არანორმალური ხდებოდეს ამ შემთხვევაში, -თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა. კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს.