ელჩისგან მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ბრალდების უარყოფა არ მოვისმინეთ, რაც დამაფიქრებელია - კობახიძე დეგნანისგან განმარტებებს ითხოვს

20.07.22 15:26
ელჩისგან მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ ბრალდების უარყოფა არ მოვისმინეთ, რაც დამაფიქრებელია  - კობახიძე დეგნანისგან განმარტებებს ითხოვს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩისგან ითხოვს გააკეთოს განცხადება, ნიკა გვარამის საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვძის ბრალდებებზე.

მისი თქმით, ზეწოლის შესახებ გავრცელებული განცხადება  საელჩომ ან მკაფიოდ უნდა უარყოს, ან ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 

ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ლაშა ჩხიკვაძე ირწმუნება, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.