"სირცხვილია, ბატონებო" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გვარამიას საქმის მოსამართლეებს

20.07.22 15:51
 "სირცხვილია, ბატონებო" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გვარამიას საქმის მოსამართლეებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეების გადაწყვეტილებას ცინიკურს უწოდებს. საუბარია სასამართლო პროცესის ორთვენახევრით გადადებაზე, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიამ შვებულებაში გასვლით ახსნა.

მაია კოპალეიშვილმა ვრცელ პოსტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს შეახსენა, რომ ნიკა გვარამის უკანონო პატიმარია და ეს მათაც კარგად იციან. მისი თქმით, კოლეგიის გადაწყვეტილება სამართლიანი მართლმსაჯულებისაგან და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისგან შორს არის. 

ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს-ლავრენტი მაღლაკელიძე (მეგობრებში მყავს), მერაბ ჯორბენაძე, დავით მამისეიშვილი - სირცხვილია ბატონებო, ცინიზმია თქვენი ეს მსჯელობა რაც თქვენს შვებულებებთან და ოქტომბერში  სხდომის ჩანიშვნასთან დაკავირებით მოვისმინეთ!
არ დაგავიწყდეთ რომ ნიკა გვარამიას სახით უკანონო პატიმარი გყავთ ციხეში! ნიკა გვარამიას ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა! როგორც ჩანს, თქვენს მიმართაც არ უნდა გვქონოდა იმაზე მეტი მოლოდინი, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას მიმართ მოიმოქმედა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით. რადგან თქვენ ორ თვეზე მეტი ვადით (!) გადადევით უკანონო პატიმრის - ნიკა გვარამიას პროცესი და მშვიდად უყურებთ, რომ ის უკანონოდ გეჯდეთ ციხეში და ამ დროს თქვენ „ისვენებდეთ“, გამოდის თქვენც, სავარაუდოდ, იგივე პოლიტიკური  გადაწყვეტილების გამოტანას აპირებთ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა. ეს მაფიქრებინებს, რომ თქვენც იგივე პრობლემები გაქვთ დამოუკიდებლობის, კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების  თვალსაზრისით, რაც ლაშა ჩხიკვაძეს, რადგან თქვენც ვერ აანალიზებთ რა პრობლემებია ამ საქმეში, რომლებიც აზიანებენ მართლმსაჯულების ინტერესებს! არ მოველოდი რომ ასეთი ცინიზმით დაამთავრებდით დღევანდელ სხდომას. ეს, რაც მოვისმინეთ, შორს არის სამართლიანი მართლმსაჯულებისაგან და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისგან! თქვენი ცინიკურად მშვიდი, ვითომ „კეთილგანწყობილი“ სიტყვათა ფორმულირებები („ვორდინგი“) არის სწორედ ცინიზმი.  როგორც ჩანს, თქვენც ადვილად დაექვემდებარეთ  იმ ჯგუფებს, რომლებმაც ლაშა ჩხიკვაძის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზეც მოახდინეს ასევე ზეგავლენა!
 სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!
, - წერს კოპალეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა. კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს.