"ოცნების" ხელისუფლების რიტორიკა ქართველების ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩამოშორებას ემსახურება - სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოს ხელისუფლების ბოლდროინდელ ანტიევროპულ რიტორიკასა და კელი დეგნანზე ფორსირებულ შეტევას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპრეცენდენტოდ მწვავე შეფასება მოყვა.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ღიად საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის.
როგორც ყველამ იცით, ევროკომისიამ საქართველოს მისცა ევროპული პერსპექტივის სტატუსი რეფორმების გზამკვლევთან ერთად რაც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. თუმცა, ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა როგორც ჩანს ემსახურება იმას, რომ ქართველების ამ მიზანს ხელი შეუშალოს"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
პრაისი კობახიძე-ღარიბაშვილის პოლიტიკურ გუნდს ეუბნება, რომ ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები პარტნიორების მუშაობას არ შეესაბამება:
ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო თბილისში სრულ მზადყოფნაში არიან და მუშაობენ ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერენ მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ელჩი დეგნანის და მისი გუნდის წინააღმდეგ დეზინფორმაცია და პერსონალური შეტევა არ არის თავსებადი იმასთან, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ პარტნიორები ერთმანეთთან და ჩვენ გავაგრძელებთ საერთო მიზნების მხარდაჭერას"- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ხაზგასმით ამბობს, რომ "დღეს შეერთებული შტატები მუშაობს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა მთელს რეგიონში".
ჩვენ 30 წელია მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მუშაობს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა მთელს რეგიონში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს მშვიდობიან ძალისხმევას რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტით რუსეთის ოკუპაცია"- დასძინა მაღალჩინოსანმა.