"ოცნება" ევროპარლამენტარებთან შეხვედრის წინ ნაზი და ფუნჩულა ხდება - ნაცვლიშვილი

21.07.22 13:34
"ოცნება" ევროპარლამენტარებთან შეხვედრის წინ ნაზი და ფუნჩულა ხდება - ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი „ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება "მშიშარა ადამიანებით" არის დაკომპლექტებული.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს მთავრობას ზურგს უკან ათასი სისაძაგლის თქმა შეუძლია ევროპელ დეპუტატებზე, თუმცა როდესაც მათ პირდაპირ შეხვდება  „ნაზი და ფუნჩულა“ ხდება.

„თუ გინდა, რომ საკუთარ ტყუილებში არ აიხლართო, უნდა ილაპარაკო სიმართლე და როცა სიამრთლეს ლაპარაკობ არ დაგავიწყდება რა ილაპარაკე და არ შეცვლი რიტორიკას. 
„ქართული ოცნება“ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, დღეში 9-ჯერ ცვლის მესიჯებს. იმიტომ, რომ სიმართლეს ისინი ვერ ამბობენ და ეს არის მშიშარა ადამიანებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელსაც ბუჩქის უკან დამალულს შეუძლია ნებისმიერი სისაძაგლე და სისულელე დააბრალოს ვინმეს, მაგრამ პირისპირ როდესაც შეხვდება, მაშინვე ხდება ნაზი და ფუნჩულა“.- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციის წევრები ოძისში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოკუპაციის შედეგები გააცნო. ამის შემდეგ ევროპელი ლიდერები თბილისში დაბრუნდნენ. მათ შეხვედრები ექნებათ ჯერ ქვეყნის პრემიერთან და შემდეგ „ოცნების“ ლიდერებთან.